60 წლის წინ, 1966 წლის 16 მარტს, დაარსდა ქართული ენციკლოპედია. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშრებით ვესაუბრებით ქართული ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგეს, ფილოლოგიის დოქტორ, პროფესორ საბა მეტრეველს
— საბჭოთა ტოტალიტარიზმის პირობებშიც კი ენციკლოპედიამ შეძლო ეროვნული სამეცნიერო აზრისა და ინტელექტუალური ძალების კონსოლიდაცია. რა გზა გამოიარა მან?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენციკლოპედია ერის ინტელექტუალური პასპორტი და მისი ცოცხალი მეხსიერებაა, ამიტომ იქცა ის ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული სამეცნიერო აზრის მძლავრ იარაღად. მიუხედავად იმდროინდელი იდეოლოგიური კარნახისა, ენციკლოპედიის შექმნა იყო გადამწყვეტი ნაბიჯი ეროვნული მეცნიერული ცოდნისა და კულტურული მემკვიდრეობის სისტემატიზაცია-შენარჩუნების გზაზე. ირაკლი აბაშიძის მესვეურობით განხორციელებული ეს წამოწყება ქართველი ერისათვის ათასწლოვანი ისტორიის, დიდი კულტურული წარსულისა და აწმყოს დამადასტურებელ დოკუმენტად იქცა. ამ მნიშვნელოვანი საქმის გარშემო თავი მოიყარა ქართული ინტელექტუალური აზრის ელიტამ — კულტურის, ისტორიის, ტექნიკური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სპორტისა თუ სოფლის მეურნეობის ყველა სფეროსა და მიმართულების წამყვანმა წარმომადგენლებმა. მათ განახორციელეს უპრეცედენტო სამუშაო: მოიძიეს, შეკრიბეს და სისტემატიზაცია გაუკეთეს უზარმაზარ მასალას, რომელიც ენციკლოპედიური სტანდარტის შესაბამისად გადამუშავდა.
— ძირითადად, რას გულისხმობდა ეს სტანდარტი?
სამეცნიერო სტატიებში მიღწეულმა ინფორმაციულმა სიმჭიდროვემ — მინიმალურ მოცულობაში მაქსიმალური ტევადობის პრინციპმა — უზრუნველყო სანდო, გადამოწმებული და აკადემიური ცოდნის გავრცელება. „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ უნივერსალურობა განისაზღვრებოდა მისი მასშტაბით: იგი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ლოკალური, საქართველოს შესახებ არსებული ცნობებით. მასში სრულყოფილად აისახა სამყაროს შესახებ არსებული გლობალური ცოდნა. ამით გამოცემამ ქართულენოვან სივრცეში მსოფლიო მეცნიერებისა და კულტურის სრული პანორამა შექმნა. ამ უნივერსალური ენციკლოპედიის ფუნდამენტური შრომის შედეგად გამოიცა 11 ძირითადი ტომი და — საკუთრივ საქართველოსადმი მიძღვნილი საგანგებო ტომი ორ წიგნად (ქართულ და რუსულ ენებზე). ამით ქართველმა ერმა ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი, დაიცვა და მომავლისთვის შემოინახა ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა.
— საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რა ბედი ეწია ენციკლოპედიას?
ბუნებრივია, რომ მან გადაიტანა ყველა კრიზისი და უკიდურესი შეჭირვება, რომელიც იმ ეპოქის თანამდევი იყო, თუმცა უფრო რთულად ენციკლოპედიისთვის 21-ე საუკუნე დაიწყო. ის სერიოზული ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგა: ორგანიზაცია გამოასახლეს სპეციალურად მისთვის აგებული შენობიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შემდგომი არსებობაც. ამ კრიტიკულ მომენტში, აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის განსაკუთრებული მამულიშვილური ძალისხმევითა და მზრუნველობით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ შეიფარა და თავის სტრუქტურაში გააერთიანა ქართული ენციკლოპედია და ამ გზით გადარჩა ეს უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო კერა.
— როგორია ენციკლოპედიის თანამედროვე ცხოვრება?
ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარ სამეცნიერო რედაქციას დღეს წარმოადგენს სიტყვანის, ბიბლიოგრაფიის, სამეცნიერო და სალიტერატურო კონტროლის; ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების; საზოგადოებრივ მეცნიერებათა; ისტორიის; ეკონომიკისა და სამართლის; დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა და კარტოგრაფიის; ისტორიის, კულტურისა და ძეგლთა აღწერილობის; ფიზიკის, მათემატიკისა და ქიმიის; მედიცინის, ბიოლოგიისა და სოფლის მეურნეობის რედაქციები, ასევე — საკორექტორო. ენციკლოპედიას აქვს თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა და ემსახურება კომპიუტერული ცენტრი (დაწვრილებით ცნობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონული ენციკლოპედიის ვებგვერდზე, მისამართი: https://www.georgianencyclopedia.ge/ka). ენციკლოპედიას ხელმძღვანელობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ აბაშიძე. აღსანიშნავია, რომ აქ დღესაც კვლავინდებური შემართებითა და შრომის გამორჩეული აკადემიური ესთეტიკით აგრძელებენ ენციკლოპედიის ერთგულ მსახურებას 60 წლის წინანდელი დამფუძნებელი შემადგენლობის წევრები — ქალბატონები ლია მანიავა და იზაბელა ჩარკვიანი. თუმცა, ქართულ ენციკლოპედიაში ყველა ერთი იდეით, ერთი მიზნითა და სულისკვეთებითაა შემართული, მოუფრთხილდნენ, დაიცვან და გააგრძელონ უმაღლესი აკადემიური სტანდარტით დაწყებული საქმე და ასახონ მეცნიერების, კულტურისა და ცხოვრების ყველა სფეროში არსებული მიღწევები.
— ბუნებრივია, თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა და ხელოვნურმა ინტელექტმა ახალი გამოწვევის პირისპირ დააყენა ენციკლოპედიაც.
რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და სანდოობის პარადიგმა. ამან ენციკლოპედიური საქმიანობა სრულიად ახალ სიბრტყეზე გადაიყვანა. თანამედროვე მომხმარებელი ხშირად ირჩევს სისწრაფეს სიზუსტის ხარჯზე. შესაბამისად, ტრადიციულ ენციკლოპედიებს უწევთ კონკურენცია გაუწიონ სისტემებს, რომლებიც ინფორმაციას მყისიერად ქმნიან მაშინ, როდესაც საენციკლოპედიო სტატიის მომზადება ზოგჯერ თვეობით შრომას მოითხოვს. ამ პირობებში ენციკლოპედიის უმთავრესი მისიაა, დარჩეს ობიექტურობის საყრდენად. ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ურთიერთგამომრიცხავი და გადაუმოწმებელი ცნობების ფონზე ხელოვნურ ინტელექტსაც ხშირად უჭირს უტყუარი ინფორმაციის მოწოდება, ამიტომ მასზე სრული ნდობა და დაყრდნობა წარმოუდგენელია. ჩვენისთანა მცირე ერისთვის არსებობს რეალური საფრთხე, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა არასწორი თარგმანითა თუ ალგორითმული ცდომილებით დაამახინჯოს ისტორიული ფაქტები და მოვლენებს მცდარი ინტერპრეტაცია მისცეს. სწორედ ამიტომ, ენციკლოპედიის როლი, როგორც კულტურული იდენტობის დამცველისა და აკადემიური ფილტრისა, დღეს კიდევ უფრო იზრდება, რათა ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს ზუსტი და სანდო წყარო.
— როგორ ხვდება საიუბილეო 60 წელს ქართული ენციკლოპედია?
უპირველესად, დიდი მადლობა, რომ გახსოვთ ეს თარიღი და ხედავთ ენციკლოპედიის შეუცვლელ როლს თანამედროვე ცხოვრებაში. რაც შეეხება საიუბილეო თარიღს, ქართული ენციკლოპედია მას მნიშვნელოვანი მიღწევებით ხვდება: დაბეჭდილია ენციკლოპედია „საქართველოს“ ხუთი ტომი, ხოლო მეექვსე ტომის გამოცემა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. ენციკლოპედია „საქართველო“ მკითხველს სთავაზობს მრავალფეროვან და ფუნდამენტურ ინფორმაციას ქვეყნისა და ქართველი ერის შესახებ. ამასთანავე, ის მოიცავს ცნობებს იმ უცხოელებისა და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითადი სფერო, რომელთა ჭრილშიც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში.
და რაც ყველაზე მთავარია ტექნოკრატიის პირობებში, ბოლო პერიოდში შეიქმნა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ენციკლოპედია, რომელიც აერთიანებს ხუთტომეულის მასალებსა და ციფრულ გამოცემებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია წევრია „ევროპის ენციკლოპედიათა ქსელისა“ (European Encyclopedia Networl, EEN), რომელიც აერთიანებს ევროპის 15 ქვეყნის ენციკლოპედიური გამოცემის რედაქციას. 2026 წლის შემოდგომაზე დაგეგმილია EEN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის თბილისში გამართვა და ის მიეძღვნება ქართული ენციკლოპედიის დაარსების მე-60 წლისთავს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ქართული ენციკლოპედია ღირსეულად აგრძელებს თავის მისიას — იყოს ეროვნული მეცნიერული ცოდნისა და კულტურული მემკვიდრეობის უპირველესი საცავი და გამავრცელებელი თანამედროვე ციფრულ სამყაროში.
ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ქართულ ენციკლოპედიასა და ჩემს კოლეგებს — საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულ, მაღალი პროფესიული ღირსების მქონე ადამიანებს. ბედნიერი ვარ, რომ მათთან ერთად ვემსახურები ეროვნულ საქმეს. მჯერა, რომ გუნდურობა, ერთსულოვნება და კომპეტენტურობა, რომელიც 60 წლის ენციკლოპედიის დამფუძნებლებმა დაგვიტოვეს, კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური სიძლიერის საყრდენი.
ბედნიერია ერი, რომელმაც იცის დაზუსტებული, ობიექტური და მეცნიერულად სანდო ინფორმაციის — თავისი ენციკლოპედიის ფასი და ღირებულება.
ესაუბრა თეიმურაზ ჭუმბურიძე