ეუთო არ არის გამონაკლისი, რომელიც ხვდება, რომ საქართველოში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია, რაც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, ურთიერთგანადგურების რეჟიმში მყოფმა, პოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკამ და ამ ყველაფერს შესაბამისი გამოსავალი სჭირდება, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
„შესაბამისი პოლიტიკური პროცესის და კომუნიკაციის დაბრუნება აუცილებელია კრიზისიდან გამოსასვლელად. მაშინ, როცა რეგიონში მიმდინარეობს უმძიმესი კონფლიქტები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სივრცის და პროცესის სტაბილურობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.
ამისთვის საჭიროა დიალოგის ყველა შესაძლებლობის და ფორმის გამოყენება. იმისთვის, რომ კრიზისი გადაიჭრას, უნდა გადავჭრათ ორი მთავარი გამომწვევი მიზეზი. ეს არის სამართლიანი არჩევნების საკითხი და მასზე დიალოგის საკითხი; მეორე – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და, საერთოდ, პოლიტიკური საქმეების შეწყვეტა პოლიტიკურ ველზე. ამ ორი საკითხის გარშემო დიალოგი, ერის და საზოგადოების კონსოლიდაცია მიგვაჩნია გადამწყვეტ, მნიშვნელოვან საკითხად“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.