ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ეუთო, ვიზიტის დასრულების შემდეგ, კრიტიკულ დასკვნას წარადგენს - ამ ვიზიტს „ოცნების“ ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება და ვერ ექნება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მიზანია პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა. ეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის უმაღლესი დონის დელეგაციაა. მათ განსაკუთრებულად აინტერესებდათ ჩვენი პარტიის საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ყველაფერი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია. ქართული პოლიტიკის ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში და ამ მხრივ განსაკუთრებული მოლოდინი არ არის ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტიდან, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ეუთო-ს, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, თავისი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. მათი ოფიციალური მიზანი, რაც ჩვენც დაგვიდასტურეს, არის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება. ისიც გასაგებია, რომ ეუთო ამ ფორმატში ვერ მიიღებს რომელიმე მხარის მიმართ გამორჩეულ გადაწყვეტილებას, მაგრამ, როგორც მათ გვითხრეს, ამზადებენ სერიოზულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება, რაც, იმედი მაქვს, ხელს შეუწყობს პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესებას.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ყველა იმ ანტიდემოკრატიულ კანონზე, რასაც „ოცნება“ იღებს. ხაზი გავუსვით იმ ფაქტსაც, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს კრიტიკული დასკვნის და რეკომენდაციების მიუხედავად, რაც უნდა გაეთვალისწინებინა „ოცნებას“, სამწუხაროდ, გათვალისწინების და ნაბიჯების წინ გადადგმის ნაცვლად, ჩვენ ვიხილეთ სრულიად საპირისპირო. პირიქით, უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო იმ ანტიდემოკრატიული კანონით, რაც, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის „ოცნების“ საჯარო განცხადებებთან, თითქოს, მათ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის სურვილი აქვთ. ერთი მხრივ, ამას ამბობენ და მეორე მხრივ, იღებენ სრულიად ანტიდემოკრატიულ კანონებს, რაც ერთმანეთთან თავსებადი არ არის.
ასევე მინდა გითხრათ, რომ როგორც მოვისმინე, პაპუაშვილს ჰქონია მცდელობა, რაღაც განსაკუთრებულ ლეგიტიმაციად თუ იზოლაციის გარღვევად შეეფასებინა ამ დელეგაციის ვიზიტი და მინდა გითხრათ, რომ ეუთო მუშაობს 57 წევრ სახელმწიფოსთან, მათ შორისაა, რუსეთი, ბელარუსი, თურქმენეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა.შ. ანუ ისეთი ქვეყნები, სადაც კიდევ უარესი მდგომარეობაა დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ეუთო ამ ქვეყნებშიც მუშაობს და მათაც ელაპარაკება. ამიტომ ამ ვიზიტს "ოცნების" ლეგიტიმაციის გარღვევაში არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ექნება და ვერ ექნება," - განაცხადა შარაშიძემ“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.