შკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდამ ეს საჭიროებს რეაგირებას და არა საჯაროდ ცნობილი ფაქტები, - ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კითხვები იმ კვლევასთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლის თანაავტორიც თავად არის. მისივე თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, რატომ დაემთხვა აღნიშნული კვლევის გამოქვეყნება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.
კანდელაკის განცხადებით, კვლევა ახლა იმიტომ გასაჯაროვდა, რომ ის რამდენიმე კვირის წინ იყო მზად, უბრალოდ რედაქტირებას და დაკაბადონებას გადიოდა. ახლა გასაჯაროვება კი უბრალოდ დამთხვევაა.
„ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი, რომელიც ტერორიზმის გამოა დასანქცირებული, საჯაროდ არის ცნობილი და არაერთი მოსმენა გამართულა ამერიკის კონგრესში ამასთან დაკავშირებით. გუშინ ჩვენ ვიხილეთ, რომ თურმე ეს დიდი ქსელია საქართველოში. სერიოზული პრობლემაა, როცა ჭავჭავაძის გამზირზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქე დგას აიათოლა ხამენეის პორტრეტით და ყვირიან, რომ ჩვენ მზად ვართ შენი ბრძანების შესასრულებლადო. რა ბრძანების შესასრულებლად არიან მზად? ხამენეის გაცხადებული მიზანი იყო ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ამერიკელების მკვლელობა. ვინც გუშინ ყვიროდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აშკარად ინდოქტრინებულები არიან და აშკარად სჯერათ რასაც ამბობენ, ვინმე რომ წავიდეს და რამე ჩაიდინოს მერე რას ვშვებით საერთოდ? ამიტომ აშკარაა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან შორს წავიდა. ეს არის პრობლემა საქართველოსთვის. რეაგირებას ეგ საჭიროებს და არა ის საჯაროდ ცნობილი ფაქტები, რომელიც სხვა კვლევაშია მიმოხილული თუ კიდევ რომელ კვლევაში და სტატიაში“, - განაცხადა კანდელაკმა.
შეგახსენებთ, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.