"ტვ პირველის" ცნობით, გივი თარგამაძე უცხოეთში იმყოფება - მათი თქმით, ტელეკომპანიას ამის შესახებ ინფორმაცია თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა.
დღის ბოლოს გაირკვა, რომ სუს-მა გამოკითხვაზე გივი თარგამაძეც დაიბარა.
სუს-ში განაცხადეს, რომ თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. დაბარების საფუძვლებთან დაკავშირებით შეუძლია იხილოს ის განცხადება, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა დღის განმავლობაში უკვე გააკეთა",- განაცხადეს სუს-ში.
შეგახსენებთ, დღეს დილით სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამივე მათგანი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე.