უნგრეთმა ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინული ბანკის თანამშრომლები გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა ავრცელებს.
„მე უკვე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ ჩვენ უზრუნველვყავით ბუდაპეშტში დაკავებული უკრაინის შვიდი მოქალაქის გათავისუფლება. ისინი ახლა უსაფრთხოდ არიან და გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი. ჩვენმა კონსულებმა საჭირო დახმარება გაუწიეს“, - წერს ის.
მან მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინულ გუნდს და უნგრეთში უკრაინის საელჩოს, ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, სამთავრობო უწყებებს, სახელმწიფო ბანკებს და ყველას, ვინც მათი გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.
ცნობისთვის, გუშინ უნგრეთმა ბუდაპეშტში უკრაინული „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მაშინ დააკავა, როდესაც მათ ავსტრიიდან უკრაინაში საბანკო თანამშრომლობის ფარგლებში საინკასაციო ავტომობილით თანხა და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ.
უნგრული მედიის ცნობით, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა დააკავა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ დღეს განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უკრაინის შვიდი მოქალაქე, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები მძევლად აიყვანა და საბანკო მანქანით გადატანილი თანხა მოიპარა.