საერთაშორისო პლატფორმებზე სომხეთი და საქართველო თანამშრომლობენ აქტიურად და ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, რათა ხანგრძლივი მშვიდობა არსებობდეს რეგიონში, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს არის სწორედ იმის საფუძველი, რაზეც სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფუძნეს მშვიდობა.
„მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და მინდა ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება “ტრიპის” პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის შეფასებით, პოლიტიკური დიალოგი იყო და რჩება ძალიან აქტიური.
„იგივე შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას. ჩვენ უნდა ვნახოთ, სად შეიძლება ვითანამშრომლოთ კიდევ უფრო აქტიურად და ქმედითად არსებული გამოწვევების დასაძლევად და იმ შესაძლებლლობის გამოსაყენებლად, რაც გვაქვს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს თბილ ურთიერთობებს. ამ შეხვედრების შემდეგ პირველი, რაზეც ვფიქრობთ, არის, როდის შედგება შემდეგი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა იქნება მალე და შევძლებთ ჩვენი შეთანხმების ხელშესახები შედეგების ნახვას ჩვენი რეგიონული, ორმხრივი, საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით. ამის მზაობას ორივე გამოვთქვამთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს კოლეგას ასეთი მეგობრული, ძმური მიღებისთვის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.