ოპოზიციური პარტიების ნაწილი გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, ანუ ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით, გააკეთეს „ოცნების“ საქმე, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი საქმე არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოუკიდებელი გზა, დამოუკიდებელი სტრატეგია, ტაქტიკა, რაც, პირველ რიგში, გამიზნულია „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ. ისეთი უპასუხისმგებლო მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, რაც დაიწყო ჯერ ბოიკოტის კამპანიით და რასაც მოჰყვა შემდეგ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია, იყო „ოცნების“ მიერ დაგეგმილი. ამ პარტიებს არ ეყოთ არც იმის გამჭრიახობა და უნარი, ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ. შესაბამისად, ჩვენ მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ დამოუკიდებლად გავაგრძელებთ ბრძოლას „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.