„შესხარისის“ ნავთობტერმინალს, სავარაუდოდ, ნოვოროსიისკზე თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ASTRA იუწეყბა.
ამავდროულად, ნოვოროსიისკის მერი ანდრეი კრავჩენკო და კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი თავდასხმას ადასტურებენ.
„ჩვენმა ჯარებმა მთელი ღამე უკრაინული დრონების მასშტაბური თავდასხმის მოგერიებაში გაატარეს. ყველაზე მძიმე დარტყმა ნოვოროსიისკს მიაყენეს, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქის მერი ანდრეი კრავჩენკო ოპერატიულად ავრცელებს ინფორმაციას სიტუაციის შესახებ“, - იტყობინება კონდრატიევი Telegram-ზე.
ASTRA-ს ცნობით, ნოვოროსიისკის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ, 2 მარტის ღამეს ბევრი აფეთქების ხმა გაიგეს.
გამოცემამ გააანალიზა ნოვოროსიისკში თავდასხმების შედეგად გაჩენილი ხანძრის ამსახველი თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები და განაცხადა, რომ შესხარისის ნავთობტერმინალი სავარაუდოდ ხანძრის ზონაში მდებარეობს.
ადგილობრივები წერენ, რომ ხანძარი კონკრეტულად „შესხარის“ ტერიტორიაზე შეიმჩნევა.
„შესხარისის“ ნავთობტერმინალი დიდი საზღვაო კომპლექსია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერებზე მიღებისა და ჩატვირთვისთვის. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობტერმინალი რუსეთში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის და ქვეყნის სამხრეთის მთელი საექსპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებაში.