ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მან „მასიური სარაკეტო და დრონული დარტყმები“ განახორციელა ისრაელსა და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
IRGC-ის მტკიცებით, თავს დაესხნენ 27 ამერიკულ ბაზას, ასევე ისრაელის თელ-ნოფის საჰაერო ბაზას, თელ-ავივში ისრაელის არმიის შტაბ-ბინას და იმავე ქალაქში მდებარე მნიშვნელოვან თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს.
ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმაც განაცხადეს და აღნიშნეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.
AFP-ის ცნობით, აფეთქებებია დუბაიში [არაბთა გაერთიანებული საამიროები], დოჰაში [კატარი]და მანამაში [ბაჰრეინი].
დუბაიში, სავარაუდოდ, საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს.
ამასთან, Clash Report იუწყება, რომ ერაყში, ერბილის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ ამერიკულ საჰაერო ბაზაზე ირანის ძალებმა 1 მარტს დილით თავდასხმა განახორციელეს.
დარტყმის შედეგად ამერიკულ სამხედრო ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
მიყენებული ზიანის მასშტაბის ან შესაძლო დანაკარგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.