პაკისტანმა 27 თებერვალს ღამით, საჰაერო იერიშები მიიტანა ავღანეთის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის დედაქალაქ ქაბულზე.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა ხავაჯა ასიფმა X-ზე განაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა „ღია ომში“ გადაიზარდა. ინფორმაციის მინისტრმა ათაულა ტარარმა X-ზე დაადასტურა, რომ პაკისტანის არმიამ ქაბულში, ასევე პაქტიისა და ყანდაჰარის პროვინციებში სამიზნეები დაბომბა.
„ჩვენს ძალებს შეუძლიათ ნებისმიერი აგრესიული ამბიციის ჩახშობა. მთელი ერი პაკისტანის შეიარაღებულ ძალებთან ერთად დგას“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა.
პაკისტანმა გასულ კვირას ავღანეთში რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც, „თალიბანის“ თქმით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ისლამაბადმა განაცხადა, რომ დარტყმები პაკისტან-ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარე სავარაუდო მებრძოლების ბანაკებზე განხორციელდა, რაც პაკისტანში ბოლო დროს მომხდარი თვითმკვლელი ტერაქტების სერიის საპასუხო იყო.
ხუთშაბათს, 26 თებერვალს, თალიბანმა“ განაცხადა, რომ მათ სასაზღვრო პოსტებზე „მასშტაბური შეტევა“ დაიწყეს და „მრავალი“ პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს. პაკისტანის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ორი ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურა.
ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა.
ისლამაბადი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას მის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განმახორციელებელი შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს. „თალიბანი“ ამ ბრალდებებს უარყოფს.