ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროპის მომავალი უკრაინის თავისუფლებასთანაა დაკავშირებული.
„[რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის] წლისთავი მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის - ეს მომავლის ფორმირებაა, მომავალი კი კიევში იწერება და არა მოსკოვში.
„სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი გზა არის მშვიდობა, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს ქარტიის პატივისცემაზე“, - განაცხადა კოშტამ კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კოშტა მიესალმა მშვიდობის მისაღწევად მიმართულ ყველა ძალისხმევას, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პარტნიორების ძალისხმევას.
„რუსეთს არ შეუძლია გამარჯვებას მიაღწიოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ის ბრძოლის ველზე ამდენ რამეს კარგავს... რუსეთი სერიოზულად უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მას ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია“, - თქვა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთი, რთულ ზამთრის პირობებში აძლიერებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.
„ჩემი გზავნილი მაქსიმალურად ნათელია: უკრაინას შეუძლია ევროკავშირზე დაყრდნობა. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, - ხაზგასმით აღნიშნა კოშტამ.