ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროკომისიის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კობახიძის თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით არავითარი ფაქტი არ არსებობს.
„ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი. ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც გავუზიარეთ ევროკავშირს. აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ყულევი არ მოხვდება სანქციების პაკეტში. უტყუარი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროკავშირს, რომ სასანქციო რეჟიმი ყულევში არ ირღვევა. დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ ნული ფაქტი არსებობს სანქციების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებით, ლოგიკურად ვფიქრობ, ამ პაკეტში საქართველო არ მოხვდება. სანქციების პაკეტში კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის მოხვედრა ცუდია. ეს გაუხარდა მიხეილ სააკაშვილს. იმედი გამოთქვა, რომ ყულევი დასანქცირდება, თუმცა სააკაშვილს რაც უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. „ნაცს“ რაც უხარია, ის არ უხარია ქართველ ხალხს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ სასანქციო რეჟიმი არ ირღვევა. შემოდის ნავთობპროდუქტები და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე“, – განაცხადა პრემიერმა.