დღეს რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ ბიზნესს დაარტყა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მშვიდობიანი ინდუსტრიის მიზანში ამოღება ომი არ არის - ეს განზრახ ეკონომიკური ტერორია, რასაც შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.
"დღეს რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ ბიზნესს დაარტყა. Mondelez-ის საწარმოო ობიექტი ტროსტიანეცში უკრაინის დამოუკიდებელ ეკონომიკაში ერთ-ერთი პირველი მსხვილი ინვესტიციაა. რაკეტა ერთ-ერთ საწარმოო შენობას მოხვდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეს არ არის სამხედრო სამიზნე, არამედ ქარხანა, რომელიც 1990-იანი წლებიდან ფუნქციონირებს, აწარმოებს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, ასაქმებს უკრაინელებს და წვლილი შეაქვს ჩვენსა და ამერიკის ეკონომიკაში. როდესაც რუსული რაკეტები ასეთ ობიექტებს ესხმიან თავს, ისინი არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპაში არსებულ ამერიკულ ბიზნესსაც ესხმიან თავს. მოსკოვს არ შეუძლია ისაუბროს შეერთებულ შტატებთან ეკონომიკურ დიალოგზე, როდესაც თავს ესხმის აშშ-ს საკუთრებაში არსებულ საწარმოო ობიექტებს. მშვიდობიანი ინდუსტრიის მიზანში ამოღება ომი არ არის - ეს განზრახ ეკონომიკური ტერორია. ამას შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს," - წერს სიბიჰა.