აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი პასუხობს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის პირად კონტაქტზე იმყოფებოდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან და აწვდიდა მას ინფორმაციას.
,,სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, შესაბამისად, არასდროს შევხვედრივარ და არასდროს მქონია არც სატელეფონო, არც პირადი კომუნიკაცია,“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული წერილის ავტორი დაკავებულია ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მის მიმართ აქვს მხოლოდ სიბრალულის გრძნობა.
,,ზოგადად, ამ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება, მე მახსოვს ეს ადამიანი იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი. ის სამწუხაროდ დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ერთის მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალული მაქვს, ხოლო მეორეს მხრივ ალბათ ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე და განაცხადა, რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიება აქტიურად მუშაობდა.
,,მახსოვს, რომ იყო შემზარავი ფაქტი, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა. დანაშაულის ჩადენის დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები. მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ ისინი დაუსწრებლად მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე იყვნენ დაკავებულები. ისინი იყენებდნენ დუმილის უფლებას და გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა, გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილებისთვის,“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
სულხან თამაზაშვილმა ასევე დასძინა, რომ მისი მხრიდან დანაშაულის ,,ჩაფარცხვაზე“ საუბარი არასერიოზულია.
,, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ ბრალი. აქედან გამომდინარე დანაშაულის ,,ჩაფარცხვაზე“ და დახმარებაზე ლაპარაკი არასერიოზულია და ვფიქრობ, რომ საკითხი ამოწურულია,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა მადლობა გადაუხადა ყოფილ კოლეგებს პროფესიონალიზმისა და საგამოძიებო ღონისძიებებში მაღალი კომპეტენციით ჩართულობისთვის.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ამ მნიშვნელოვან ოპერატიულ საგამოძიებო ღონისძიებებში იყვნენ ძალიან მაღალი კომპეტენციით ჩართულები,“ - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.