კაია კალასს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხის ევროპის დღის წესრიგში ჩასმას ცდილობს, მტრად რაცხავენ, უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს, ვინც მზად არის, რუსეთს ჩააბაროს უკრაინაც და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი - მეგობრებად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სამადასვილი წერს, რომ რეგიონში ყველა, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა, ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული-გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, 'დიდი ზავის' პირობებში დაიცვას საკუთარი ინტერესები.
"ევროკავშირს პრინციპულად მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ყოველგვარი საბოლოო ზავის პირობა რუსეთთან, არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს ყოფილ საბჭოთა სივრცეს მოიცავდეს, მათ შორის საქართველოს. ამას თავის ობიექტური მიზეზები აქვს.
ეს ზავი ერთგვარად ცივი ომის დასრულების 'გაფორმება' უნდა იყოს, როდესაც რუსეთი აღიარებს ჩვენს უფლებას, ვიარსებოთ როგორც დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ქვეყნებმა. ზავი, რომელიც არასდროს გაფორმებულა ცივი ომის დასრულების შემდეგ.
დღეს ბევრი ჭკვიანი ადამიანი შიშობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ზავით დასრულების შემთხვევაში, საფრთხე, რომ რუსეთი 'მოიცლის' მის სამეზობლოში-სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში- სხვა სახელმწიფოებისთვის, რეალურია. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანი მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება კი არაა მხოლოდ, არამედ პირობები, რომლითაც ეს ომი დასრულდება. რუსეთის საფრთხე უნდა განეიტრალდეს ყველა მისი მეზობლისთვის.
შესაბამისად, დღეს რეგიონში ყველა, გარდა ივანიშვილის რეჟიმისა, ერთადერთ რამეზეა კონცენტრირებული-გააძლიეროს კავშირები დასავლეთთან, 'დიდი ზავის' პირობებში დაიცვას საკუთარი ინტერესები.
მიმდინარე კვირას ვაშინგტონში შეიკრიბებიან ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები (გარდა საქართველოსი), ტრამპის სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში. საქართველო არავის მიუწვევია. ევროპაში ორბანის და ფიცოს გარდა არც არავინ ელაპარაკება.
ეს ის ისტორიული მომენტია, როდესაც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საერთო ეროვნული თანხმობის ამსახველი მრავალპარტიული დელეგაციები გამოუსვლელად უნდა ისხდნენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, პარიზში და სხვა დედაქალაქებში, ითხოვდნენ ყველა შესაძლო უსაფრთხოების გარანტიას.
ამის ნაცვლად, ივანიშვილის რეჟიმის მიერ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულ ქვეყანას, გვთავაზობენ საცირკო სანახაობას-დერეფანში ყაველაშვილის და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის შემთხვევითი შეხვედრა-როგორც დიდი გარღვევა. კაია კალასს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხის ევროპის დღის წესრიგში ჩასმას ცდილობს, მტრად რაცხავენ...უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობებს, ვინც მზად არის, რუსეთს ჩააბაროს უკრაინაც და მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირი-მეგობრებად.
'სუვერენიტეტის' სახელით მოქმედი რეჟიმი, რეალურად მზადაა საბოლოოდ გააფორმოს ჩვენი დესუვერენიზაცია. მოვა დრო, როდესაც ამაზე მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება, თუ დამოუკიდებელი საქართველო გადარჩა. და გადარჩება, აუცილებლად", - წერს სამადაშვილი.