სამშაბათს, 17 თებერვალს, ირანში პატივი მიაგეს სასტიკად ჩახშობილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულებს. ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რამდენიმე ქალაქში გაიმართა და ირანის უსაფრთხოების ძალებთან ახალ შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას Deutsche Welle გამოცემა AFP-ზე დაყრდნობით ავრცელებს
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული კადრების თანახმად, აბადანში შეკრებილ ხალხს ყვავილები და დაღუპულთა ფოტოები ეჭირა ხელში და სკანდირებდნენ: „სიკვდილი ხამენეის“, „გაუმარჯოს შაჰს!“.
აბადანში გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბიან შეშინებული ადამიანები, სროლის შემდეგ.
ირანის ხელისუფლებამ თეირანში, იმამ ხომეინის მეჩეთში, საპროტესტო აქციის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონია გამართა.
მონაწილეები ირანის დროშებს აფრიალებდნენ, მსხვერპლთა პორტრეტებს ეჭირათ ხელში და სკანდირებდნენ: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რეზა არეფი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ესმაილ ყაანი.
„ისინი, ვინც მხარს უჭერდნენ არეულობის ინსპირატორებსა და ტერორისტებს, დამნაშავეები არიან და შედეგებს მიღებენ“, - ციტირებს IRGC-ისმეთაურს ირანული სააგენტო Tasnim.
ირანში პირველი საპროტესტო აქციები, რომლებიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, ეკონომიკური მიზეზებით იყო გამოწვეული. თუმცა, პროტესტმა მალევე პოლიტიკური ხასიათი მიიღო და მთელ ქვეყანაში გავრცელდა. ხელისუფლება სასტიკად ცდილობდა პროტესტის ჩახშობას. თვითმხილველები და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები იუწყებიან, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. ხელისუფლების ბრძანებით, ინტერნეტი და მობილური კომუნიკაცია დაიბლოკა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, 23 იანვარს განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 3 117-ს მიაღწია. მათ შორის 2 427 მშვიდობიანი მოქალაქე და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო. მინისტრმა დანარჩენ დაღუპულებს „ტერორისტები“ უწოდა.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები განსხვავებულ შეფასებებს ავრცელებენ. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი სააგენტო (HRANA) იუწყება, რომ 7 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა მომიტინგე იყო.