უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „უსამართლობად“ მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინას, დათმობებზე წასვლისკენ, რუსეთს კი - არა. ამის შესახებ მან Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპისთვის უკრაინაზე ზეწოლა შესაძლოა რუსეთზე უფრო ადვილი იყოს, ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა არ ნიშნავს ვლადიმირ პუტინისთვის „გამარჯვების მოპოვებაში“ დახმარებას . ტრამპმა ბოლო დღეებში ორჯერ განაცხადა, რომ დათმობებზე პასუხისმგებლობა ზელენსკის ეკისრება.
„იმედი მაქვს, ეს მხოლოდ მისი ტაქტიკაა და არა გადაწყვეტილება,“ - თქვა ზელენსკიმ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ტრამპს სამშვიდობო ძალისხმევისთვის და თქვა, რომ აშშ-ის მომლაპარაკებლებთან (აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან) გამართული საუბრები არ შეხებია ისეთ ზეწოლას, როგორსაც ტრამპი საჯაროდ აცხადებს.
„ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ის „ისეთი ადამიანი არ არის“, რომელიც ადვილად ემორჩილება ზეწოლას.
ზელენსკი შიშობს რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ცვლილების შემდეგ რუსული დელეგაცია ნულიდან დაბრუნებას შეეცდება, რათა რუსეთს ბრძოლის ველზე მეტი დრო მოიგოს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის მსგავსად, მედინსკისაც სიამოვნებს ომის „ისტორიულ ფესვებზე“ ფილოსოფოსობა. „ჩვენ არ გვაქვს დრო ამ სისულელისთვის. ამიტომ, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და დავასრულოთ ომი“, - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ აბუ დაბიში რუსეთთან სამხედრო მოლაპარაკებები უფრო პროდუქტიული იყო.
მისი თქმით, მხარეები ძირითადად შეთანხმდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ მექანიზმზე, რომელიც დრონების გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს განახორციელებს, თუკი ის მიღწეული იქნება.