უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა 15 თებერვლის ღამეს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ჰერმან გალუშჩენკო დააკავეს. ინფორმაციას
მედიის ცნობით, ის მატარებლის ვაგონიდან ჩამოიყვანეს.
სასაზღვრო პოლიციას ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისგან მიღებული ჰქონდა მოთხოვნა, უწყებებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ შემთხვევაში, თუ გალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთას შეეცდებოდა.
სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ გალუშჩენკო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას „მიდასის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.
ჰერმან გალუშჩენკო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის აპრილიდან 2025 წლის ივლისამდე იკავებდა, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი მას იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნავდა.
10 ნოემბერს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა გალუშჩენკოს სახლში, ასევე „ენერგოატომში“ და ვოლოდიმირ ზელენსკის პარტნიორის, ბიზნესმენისა და სტუდია „კვარტალ 95“-ის თანამფლობელის, ტიმურ მინდიჩის სახლში.
სკანდალის ფონზე, 12 ნოემბერს გალუშჩენკო ქვეყნის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში თანხების მითვისების მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინა და საქმეში ბრალდებულებს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. ოპერაციას „მიდასი“ ეწოდა. 19 ნოემბერს უკრაინის პარლამენტმა გალუშჩენკოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.