კიევი ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის მიერ განხორციელებული მასირებული დარტყმების გამო კატასტროფის ზღვარზეა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა.
მან გამოცემას უთხრა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ხანგრძლივმა საჰაერო დარტყმებმა „კიევი კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა“.
„ჩვენი ქვეყნის მომავლის საკითხი -გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად, კვლავ ღიად რჩება“, - თქვა კიევის მერმა.
დედაქალაქის 3.5 მილიონი მცხოვრები მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ყველაზე მკაცრ ზამთარს განიცდის.
ტემპერატურა მინუს 20 გრადუსზე დაბლა დაეცა, კიევი კი ყინულისა და თოვლის სქელი საფარველის ქვეშ მოექცა . რუსეთმა ქალაქისთვის სირთულეები კიდევ უფრო გაამწვავა ასობით რაკეტისა და დრონის ერთდროულად გაშვებით, რამაც ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის ფართომასშტაბიანი გათიშვა გამოიწვია. სამიზნე კიევის ცენტრალური გათბობის მომარაგების სამი მსხვილი ელექტროსადგური და ქვეყნის მასშტაბით სხვა ენერგეტიკული ობიექტებია.