უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. ზელენსკიმ რუბიოს ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და ელექტროქსელზე თავდასხმების შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„განვიხილეთ, როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული მიდგომისთვის“, - წერს ზელენსკი.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პროგრესის მიღწევა უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებში.
ზელენსკი ჟენევაში სამმხრივი შეხვედრების წინ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერსაც შეხვდა.