ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, 2024 წელს გარდაცვალებამდე, ისრის ბაყაყის ტოქსინით, სახელად ეპიბატიდინით, მოწამლეს.
„გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.
ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს. რუსეთი ირწმუნებოდა, რომ ნავალნი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა, მაგრამ ეპიბატიდინის ტოქსიკურობისა და სიმპტომების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მისი გარდაცვალების მიზეზი საწამლავი იყო. ნავალნი ციხეში ყოფნისას გარდაიცვალა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთს გააჩნდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, რომ ის მოეწამლათ,” - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივეტ კუპერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
"მხოლოდ რუსეთის მთავრობას ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, რომ ეს ლეტალური ტოქსინი ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ გამოეყენებინა რუსეთში მისი პატიმრობის დროს," - თქვა კუპერმა.