უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაში განაცხადა, რომ პუტინს ომის გარდა არაფერი აინტერესებს.
„მას არ შეუძლია წარმოიდგინოს ცხოვრება ძალაუფლების გარეშე და ძალაუფლების შემდეგაც. ჩვეულებრივი საქმეები მას არ აინტერესებს. ის დღეს ცოცხალ ნებისმიერ სხვა ადამიანთან უფრო მეტად კონსულტაციებს გადის პეტრე დიდთან და ეკატერინე დიდთან.
ამჟამად მისი ყურადღება უკრაინაზეა, მაგრამ ის სხვა ევროპულ ქვეყნებს არ მიატოვებს, რადგან ომის იდეაზე უარის თქმა არ შეუძლია“, - თქვა ზელენსკიმ.
„ის თავს მეფედ მიიჩნევს, სინამდვილეში კი ომის მონაა. და თუ ის კიდევ 10 წელს იცოცხლებს, ომი დაბრუნდება და უფრო მასშტაბური გახდება. ამიტომ, უკრაინას და ევროპას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდებათ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება ომის დასრულების ნებისმიერ შეთანხმებაზე ადრე უნდა დაიდოს. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გვისმენს, კონგრესი გვისმენს და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხი გვისმენს. ჩვენ მადლიერები ვართ ამ ნამდვილი დახმარებისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.