უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინულ დელეგაციასა და გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსთან ერთად დრონების მწარმოებელ პირველი გერმანულ-უკრაინულ ქარხანაში იმყოფებოდა.
„ჩვენ ვნახეთ წარმოების ხაზი და დრონის პირველი ფრენა. ეს არის თანამედროვე უკრაინული ტექნოლოგია, საბრძოლო პირობებში გამოცდილი და ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი. ის განახორციელებს დარტყმებს, ჩაატარებს დაზვერვას და დაიცავს ჩვენს ჯარისკაცებს. წელს კი აქ წარმოებული 10 000 დრონი უკრაინაში გადაიტანება და ჩვენს ჯარებს გააძლიერებს“, - განაცხადა ზელენსკიმ..
პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე უკრაინული დრონების წარმოებისთვის 10 ერთობლივი საწარმოს გახსნა იგეგმება.
„მადლობა კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გერმანიის მთავრობას, პირადად თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს და გერმანელ ხალხს. უკრაინა ყოველთვის მზადაა, გაუზიაროს სხვებს ის გამოცდილება, რომელიც სიცოცხლის დაცვაში მივიღეთ“, - აღნიშნა მან.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ „გერმანულ-უკრაინული ერთობლივი საწარმო შედეგებს მოიტანს“.
„ერთობლივი საწარმოდან ორივე მხარე სარგებლობს. წლის ბოლომდე უკრაინა ამ პროექტის ფარგლებში 10 000-მდე დრონს მიიღებს. გერმანია, თავის მხრივ, ზრდის საკუთარ წარმოების შესაძლებლობებს და სწავლობს ბრძოლის ველზე მიღებული გამოცდილებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.