„ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ მახინჯი და მავნე პრინციპის საფუძველზე, რომლის ანალოგი მინიმუმ არც ერთი ცივილიზებული ქვეყნის დედაქალაქებში და დიდ ქალაქებში არ მოიძებნება, უმაღლეს განათლებას წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, ხელისუფლებამ საუნივერსიტეტო განათლება „ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად“ აქცია.
„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება დარჩება შავ ლაქად საქართველოს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ამ მაგალითითაც ასწავლიან მომავალ თაობებს, რას ნიშნავს უნივერსიტეტების დაჩეხა და განადგურება.
„ქართული ოცნების“ ცივი ტყუილი სახელდახელოდ: წელს სტუდენტების რაოდენობა 2000-ით გაიზრდებაო. ამ დროს, სპეციალობებზე სტუდენტთა კვოტებს დრამატულად ამცირებენ. მაგალითად, ამტკიცებენ, სოციალურ-პოლიტიკური სპეციალობების მიმართულებით, ყოველწლიურად, 2600-მდე სტუდენტს უშვებდა უნივერსიტეტები, სინამდვილეში მოთხოვნა 400 კურსდამთავრებულზეაო (ანუ, 6-ჯერ ნაკლებზეო). კვოტების დრამატული შემცირება ეხება თითქმის ყველა სპეციალობას. ჰოდა, რანაირად გაიზრდება სტუდენტების რაოდენობა?
ხელისუფლებაში მყოფი ძალა აცხადებს, შრომის ბაზრის კვლევამ (რომელიც თვალით არავის უნახავს, დაბეჯითებული მოთხოვნის მიუხედავად) გვიკარნახა სპეციალობებზე კვოტების დაწესებაო. ისედაც გაღარიბებული შრომის ბაზარი ხვალ რომ კიდევ უფრო გაღატაკდება, რადგან ათასობით პროექტი აღარ განხორციელდება საქართველოში, მერე რაღას ვშვრებით - უნივერსიტეტები "ბოთლის მბერავების" (გია ვოლსკის სიტყვებია!) გამოშვებაზე გადაკვალიფიცირდებიან?
ასე გადაიქცა ჩამორჩენილი შრომის ბაზრის მძევლად საუნივერსიტეტო განათლება, რათა ისიც ჩამორჩენილი გახდეს! და - ბოლომდე გაკონტროლებული მთავრობის მიერ!“, - წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.