რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებსა და ოპოზიციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წარდგენილი. გულწრფელად გეკითხებით, გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? – ამის შესახებ განაცხადა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„ძალიან ამაყად ვზივართ აქ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როდესაც რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ქართულმა ოცნებამ“ და რუსთაველზე ასობით ათასი ადამიანისგან მივიღე მოლოცვა. წელს სასამართლოზე ვიღებ მოლოცვებს, რაც დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში. როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დღეს კი, პროკურორების გადაწყვეტილებით, ჩემს მეუღლესთან, შვილებთან, შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც არ შემიძლია. სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა უპასუხო და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, დღეს პროკურორებს, განსაკუთრებით, თამარ ბეჟუაშვილს და ვაჟა თოდუას საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. შემიძლია, წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრები დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება. მერწმუნეთ, ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, არა იმიტომ, რომ არ იმსახურებთ, არამედ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადავაყოლოთ. ისინიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან. რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში პოლიტიკოსებსა და კორუფციონერებს შორის მე ვარ სახელოვნებო სფეროს ერთადერთი წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წარდგენილი. გულწრფელად გეკითხებით, თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ. შემდეგ დაბადების დღეს რუსთაველზე შევხვდებით“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.