აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის დამატებითი სამხედრო ძალები ირანის მიმართულებით გადაადგილდებიან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ომის დეპარტამენტის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ბრძანებით.
„პრეზიდენტსა და მდივანი ჰეგსეთს ირანისკენ სამხედრო ძალები გადაჰყავთ“, - განაცხადა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ბესენტმა დასძინა, რომ ტრამპს და ჰეგსეთს არაერთი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა გადაწყვეტილებები იყო ეს.
მანამდე, გამოცემა Wall Street Journal-მა, აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა მეორე საავიამზიდო დამრტყმელ ჯგუფს უბრძანა, მოემზადოს ახლო აღმოსავლეთში განლაგებისთვის, რადგან აშშ-ის ძალები ირანზე შესაძლო იერიშისთვის ემზადებიან.
ოფიციალურმა პირებმა Wall Street Journal-ს განუცხადეს, რომ ტრამპს ჯერ არ გაუცია ოფიციალური ბრძანება მეორე დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნის შესახებ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ავიამზიდის განლაგების ბრძანება შესაძლოა რამდენიმე საათში გაიცეს.