ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სულ ახლახან დაიწყო და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა"., - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, მე საკუთარი თვალით ვადევნებდი თვალს საქართველოს რეგრესს. იქ 2014 წელს გადავედი NDI-ის ოფისის სათავეში ჩასადგომად. ეს ამაღელვებელი დრო იყო - სავსე რეფორმებისა და განახლების დაპირებებით. საქართველო მასპინძლობდა და ლიდერობდა „ღია მმართველობის პარტნიორობას“. პარლამენტში უამრავ დემოკრატიულ რეფორმაზე ვმუშაობდით და ქვეყანა დიდი სიჩქარით მიიწევდა ევროკავშირსა და ნატოსკენ. თუმცა ეს პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სულ ახლახან დაიწყო და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა“, - თქვა მან.
ლორა თორნტონმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობას თავიდანვე ჰქონდა საბედისწერო ნაკლი - რუსული წარმოშობის ოლიგარქი.
„ივანიშვილი არასოდეს ყოფილა დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც მთავარია, ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. თუმცა, ვფიქრობ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა გახდა საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო მოწყვეტისა და ავტორიტარიზმში სრულად ჩაფლობის მომენტი. ქვეყანა დღემდე რჩება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ მარშრუტად. საქართველოს ლიდერები დაუსრულებლად ესხმოდნენ თავს უკრაინას, ხოლო რუსეთზე დუმდნენ. შემდეგ თავდასხმები ევროპასა და აშშ-ზე გადაიტანეს, ამის საპირისპიროდ, ღიად უწოდებდნენ ჩინეთსა და ირანს პარტნიორებს. მაგალითად, არსებობს ფოტო, სადაც პრემიერი ირაკლი კობახიძე თეირანში „ჰამასის“ წარმომადგენლების გვერდით დგას. მას შემდეგ ქართველები ყოველდღე აპროტესტებენ. სამოქალაქო ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომლის გათავისუფლებისთვისაც „მაკკეინის ინსტიტუტი“ იბრძვის. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია, ბევრი მათგანი ჩემი მეგობარია. დღეს რაც ხდება, ეს არის ყოველკვირეული დაუსრულებელი ნაკადი ახალი კანონმდებლობისა, რომელიც არღვევს საერთაშორისო და კონსტიტუციურ ნორმებსა“[შიფრი: "ნეტგაზეთი"] - განაცხადა ლორა თორნტონმა.