რუსეთთან დიალოგი საჭირო და აუცილებელია, ამის წინააღმდეგი არც ჩვენი გუნდია, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაზიანების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთავარია, ქვეყანა პოლიტიკურად საით მიდის. რა თქმა უნდა, ქვეყანა პოლიტიკურად ევროატლანტიკური სივრცისკენ უნდა წავიდეს და ურთიერთობა უნდა აღდგეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ჩვენს გვერდით უნდა იყვნენ, რომ დაცული ვიყოთ, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში ხდება. დღეს, რეალური და სტრატეგიული მშვიდობა სომხეთისა და აზერბაიჯანის გარშემო იქმნება. რა მშვიდობასაც ხელისუფლება გვთავაზობს, დროებითია. ამას სტრატეგიულ მშვიდობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ოცნებამ“ ქვეყანა მთლიანად იზოლაციაში დატოვა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტრებად გამოაცხადა, ხოლო რუსეთთან, რომელიც ჩვენი მართლა მტერია, კოლაბორაციაშია. ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან დიალოგს საკუთარი, ღირსეული პოზიციიდან გამომდინარე წარმართავს, რასაც საქართველოზე ვერ ვიტყვი, საქართველო პირდაპირ ეროვნულ ინტერესებს ჰყიდის, რატომ უნდა შევადაროთ ბალტიისპირეთს? „ოცნების“ პოლიტიკას ბალტიისპირეთის თუ ევროკავშირის პოლიტიკასთან ვერ შევადარებ. იმ ქვეყნების გადმოსახედიდან სულ სხვაა რამეს ნიშნავს რუსეთთან დიალოგი, რასაც საქართველო აკეთებს, აზიანებს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორობთან და ფარულ კოაბოლაბორაციაშია რუსეთთან. საქართველო ნაცრიაფერ ზონად წარმოჩნდა განსხვავებით მეზობლებისგან. ამ პირობებში ვერანაირი შედარება და ერთ სიბრტყეში დაყენება ვერ მოხდება საქართველოსა და ბალტიიპირეთის ქვეყნების ხელისუფლებების. უნდა ვილაპარაკოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე. უნდა ვილაპარაკოთ ყველასთან, ვისთან ლაპარაკიც ამ შედეგამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისივე თქმით, „ოცნებამ“ რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს, კიდევ უარესი მოხდება".
„თქვენ მეკითხებით, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთთან კომუნიკაციაზე, დიალოგზე საუბრობენ. კომუნიკაციას ვერც ჩვენ გავექცევით და არც უნდა გავექცეთ. მთავარია, ეს კომუნიკაცია რა პოზიციიდან და პოლიტიკიდან გამომდინარე გაქვს, თორემ, კომუნიკაციის პრობლემა არ დგას, მთავარია, ღირსება. კარგია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი გვაქვს. ამიტომ, ამ ურთიერთობაში სხვა პირობებით, სხვა დათქმებით უნდა შევიდეთ, მაგრამ ის, რომ საერთოდ ჩავკეტოთ და არანაირი კავშირი არ გვქონდეს, მგონი, ეს სწორი არ არის. როდის იქნება ამის დრო, ვინ იქნება ამაში ჩართული, სხვა კითხვებია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დღესვე უნდა დავიწყოთ. ეს მართლა ვინ უნდა დაიწყოს? „ოცნებამ“ რომ რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყოს, კიდევ უარესი მოხდება. ჩვენ ზოგადად ვამბობთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.