კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ ე.წ. საბოტაჟის საქმე სინამდვილეში იმის გამო წამოიწყო, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა.
"საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველზე რაც ხდებოდა, რომ ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის ორგანიზატორები. მთავარი მტკიცებულება რაც აქვთ, არის დაახლოებით 20-მდე პოლიციელის ჩვენებები. ზღაპრებს ყვებიან, რომ მე ვიღაცა და ვიღაცა თითქოს ხალხს მოვუწოდებდით, გავექანეთ და შევვვარდით პარლმანეტში-თქო. იქით, მამუკა, ბადრი და გახარია მოუწოდებდნენ, რომ ცეცხლი წაუკიდეთ და რაღაც ასეთი სიგიჟეები წერია საქმეში. ამის მიღმა რაც აქვთ, არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, გაკეთებული საჯარო შეხვედრებიდან - მე ლაკა ვაშაძე სადაც საჯაროდ რაღაცებს ვყვებით. აქვთ ჩემი საზაფხულო ბანაკებიდან რაღაცა ჩანაწერები, რომელიც მანამდე იმედმაც ატრიალა. მეორე საქმე არის ეს მტრული სახელმწიფოებისთვის დახმარება ქვეყნის დასუსტების მიზნით, სადაც საუბარი არის კონკრეტულად იმაზე, რომ ჩვენ, პოლიტიკოსების ნაწილი ვმუშაობდით სხვადასხვა ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაესანქცირებინათ საქართველოში "ოცნების" ლიდერები. მთავარი ამბავი არის ბიძინას დასანქცირება. სინამდვილეში გვასამართლებენ იმისთვის, რომ აშშ-მა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი", - განუცხადა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.