მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ნარგეს მოჰამადის, ირანის სასამართლომ თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მოსტაფა ნილიმ განაცხადა.
„მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „ინფორმაციის შეგროვებისა და შეთქმულებისთვის“, ერთნახევარი წლით პროპაგანდისთვის, ასევე ორი წლით აეკრძალა ქვეყნიდან გასვლა“, - წერს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მას ასევე მიესაჯა ორი წლით შიდა გადასახლება ქალაქ ჰოსფში, რომელიც მდებარეობს თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 740 კილომეტრში.
ნარგეს მოჰამადი ირანში ადამიანის უფლებათა დამცველთა ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. ბოლო 20 წლის განმავლობაში იგი 13-ჯერ დააკავეს.
მისთვის მისჯილი სასჯელის საერთო ვადა 31 წელი იყო, საიდანაც მან დაახლოებით ათი წელი უკვე მოიხადა.
ხელისუფლების კრიტიკისა და ქალთა უფლებების დაცვის გამო წლების განმავლობაში მას მიუსაჯეს პატიმრობა, გაროზგვა და თავისუფლების შეზღუდვა.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჰამადი დეკემბერში „პროვოკაციული განცხადებებისთვის“ დააკავეს. მისი ოჯახის თქმით, ის დაკავების დროს ცემის შემდეგ დაშავდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
53 წლის ნარგეს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის 2023 წლის პრემიის ლაურეატი ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გახდა.
ის 2021 წლიდან 13-წლიან სასჯელს იხდის „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისთვის“. აქტივისტი 2024 წლის დეკემბერში სამედიცინო მიზეზების გამო დროებით, სამი კვირით, გაათავისუფლეს თეირანის ცნობილი ევინის ციხიდან, თუმცა დეკემბერშივე დააკავეს გარდაცვლილი ადვოკატის, ხოსრო ალიკორდის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებებისთვის.