უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთისთვის გადასაცემად დრონებისა და რაკეტების კომპონენტებს ამზადებენ. ამის შესახებ ზელენსკი Facebook-ზე წერს.
„შაბათს ღამით რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა დაიწყო: 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 40 რაკეტა. ამ იარაღის წარმოება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური კრიტიკული კომპონენტების გარეშე, რომლებსაც რუსები სანქციების გვერდის ავლით იძენენ. და სწორედ ასეთი კომპანიების - კომპონენტების მომწოდებლებისა და რაკეტებისა და დრონების მწარმოებლების - წინააღმდეგ ვაწესებთ ახალ სანქციებს,“ - წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ კიდევ ერთი ბრძანებულებით სანქციები რუსეთის ფინანსური სექტორის წინააღმდეგ დაწესდა.
ეს სია მოიცავს კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გადახდები რუსული რაკეტებისა და დრონების წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდებისთვის.
„ასევე, სანქციები დაწესდა რუსეთის კრიპტო ბაზრისა და მაინინგის მხარდამჭერი სუბიექტების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებების ნაწილი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში შევა, რომელიც უკვე საბოლოო ეტაპზეა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან სინქრონიზაციას და აგრესორზე ზეწოლის გაზრდას,“ - წერს ზელენსკი.