დიდმა ბრიტანეთმა კვიპროსში, „აკროტირის“ სამხედრო ბაზაზე დამატებით გამანადგურებლები გაგზავნა უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მას შემდეგ, რაც გაჩნდა შეშფოთება, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ირანს შეუტიოს და რეგიონი სრულმასშტაბიან კონფლიქტში ჩართოს. ამის შესახებ The Times იუწყება.
პარასკევს, ინგლისში მდებარე ბაზიდან ექვსი F-35B-ის ტიპის თვითმფრინავი გაფრინდა, იმ შემთხვევისთვის, თუ რეგიონში სიტუაცია დაიძაბება.
სამხედროებმა კვიპროსის ბაზის უსაფრთხოების რეგულარულად შემოწმების შემდეგ ქვეყანაში ძალების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტეს.
F-35-ები შეუერთდებიან კვიპროსში უკვე განლაგებულ Typhoon-ის გამანადგურებლებს, რომლებიც ერაყსა და სირიაში მისიებს ასრულებენ.
6 თებერვალს, აშშ-სა და ირანის ოფიციალურმა პირებმა ომანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს.
მოლაპარაკებების დაწყებამდე აშშ-მა ირანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ქვეყანა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ ომანის დედაქალაქ მასკატში ომანის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს „კარგი დასაწყისი“ ჰქონდა.