უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, აბუ დაბიში სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი სამუშაო ჯგუფურ ფორმატში გაგრძელდა. მისივე თქმით, ახლა უკრაინული დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წარსადგენ ანგარიშს ამზადებს.
„ჩემთან ერთად უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ კირილო ბუდანოვი, დავიდ არახამია, სერგეი კისლიცა, ანდრიი გნატოვი, ვადიმ სკიბიცკი და ოლექსანდრ ბევზი. აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი, ასევე დენიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსული მხარე მაღალ სამხედრო დონეზე იყო წარმოდგენილი. სამუშაო იყო არსებითი და პროდუქტიული, ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.