ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი მოსკოვთან დიპლომატიური კონტაქტების აღსადგენად სპეციალური ევროპელი წარმომადგენლის დანიშვნისკენ მოუწოდებენ.
მათი აზრით, ევროკავშირს უნდა შეეძლოს რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების კონტექსტში და ჰქონდეს საკუთარი ხმა ვაშინგტონისა და კიევის გვერდით. ამის შესახებ Euronews წერს.
ევიკა სილინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინასთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარიმართოს და არჩეული წარმომადგენელი კონსენსუსის მიღწევის საფუძველზე უნდა იყოს არჩეული.
მან ევროპის შესაძლო წარმომადგენლებად საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო არჩევანი ჯერ არ გაკეთებულა.
ესტონეთის პრეზიდენტმა კარისმა კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ელჩი უნდა იყოს ევროპის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფოს წარმომადგენელი და ჰქონდეს უფლებამოსილება ორივე მხარეს.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიებში და ჰქონდეს საკუთარი აზრი, რადგან ევროპული ქვეყნები უკვე რამდენიმე წელია მხარს უჭერენ უკრაინას.
ამავდროულად, ესტონეთის სამთავრობო სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია მანამდე, ვიდრე მოსკოვი არ შეცვლის თავის ქმედებებსა და აგრესიულ მიზნებს.
გერმანია ასევე ეწინააღმდეგება პირდაპირ მოლაპარაკებებს, რის მიზეზადაც პუტინის „მაქსიმალისტური მოთხოვნები“ და უკრაინის ქალაქების დაბომბვის გაგრძელება სახელდება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი და საფრანგეთი სამუშაო დონეზე თანამშრომლობენ, თუმცა ჯერ არ არის მნიშვნელოვანი შედეგები და არც მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარეობს.