რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ იგებს; ბრძოლის ველზე მისი ადამიანური დანაკარგები იზრდება, მისი ეკონომიკა სუსტდება, ამასობაში უკრაინა აფართოებს თავის სამხედრო შესაძლებლობებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დამატებითი სანქციებს, განსაკუთრებით რუსეთის ჩრდილოვან ფლოტსა და ენერგეტიკულ სექტორზე, ასევე უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობისადმი გაზრდილ მხარდაჭერას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. სინამდვილეში, ეს ომი მოსკოვისთვის წარუმატებლობაა“, - დაწერა სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე.
„პუტინისთვის სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ეკონომიკურად. დამატებითი სანქციები, განსაკუთრებით რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართ, ასევე უკრაინის თავდაცვისა და მდგრადობის მხარდაჭერის გაზრდა, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
რაც უფრო მეტი ზეწოლა იქნება მოსკოვზე და რაც უფრო მეტი მხარდაჭერა იქნება უკრაინის მიმართ, მით უფრო მალე დასრულდება ომი. რაც უფრო მალე დაკარგავს პუტინი ილუზიებს სამხედრო გზით რაიმეს მიღწევის შესაძლებლობის შესახებ, მით უფრო მალე იქნება წარმატებული სამშვიდობო ძალისხმევა“, - აღნიშნა სიბიჰამ.
თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად სიბიჰამ შემდეგი მონაცემები მოიყვანა: 2025 წელს რუსეთმა 480 000 დაჭრილი ან დაღუპული ჯარისკაცი დაკარგა და დამატებით უკრაინის ტერიტორიის 0.7% დაიკავა.
2026 წლის იანვარში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დღეში საშუალოდ 1000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, დამატებით 0.04% დაიკავა. ეს 9 თვის განმავლობაში ყოველთვიური პროგრესის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„წინა 25 თვის განმავლობაში, 2024 წლის იანვრიდან 2026 წლის იანვრამდე, რუსეთმა დონეცკის რეგიონის დამატებით 21% დაიკავა, რის შედეგადაც ასობით ათასი ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა, ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე დონეცკის ოლქის ტერიტორია, რომელსაც უკრაინა კვლავ აკონტროლებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის ეკონომიკის მდგომარეობაზე, რომელიც „ღრმა რეცესიაშია შესული“.
სიბიჰამ აღნიშნა, რომ რუსეთის რეგიონების ბიუჯეტის საერთო დეფიციტმა 2025 წელს რეკორდულ ნიშნულს - 21 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რვაჯერ მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
„მოსკოვი ვერ აჩერებსს წარმოების შემცირებას 12 საკვანძო სამრეწველო სექტორში.
ამის ნაცვლად, ის გადასახადებს ზრდის. 2025 წელს 15%-ით მეტი რუსული ბიზნესი დაიხურა და კიდევ 10% დახურვის პირასაა“, - წერს სიბიჰა.
მისი თქმით, რუსეთის ბიუჯეტის არასაკმარისი დაგეგმვა კიდევ უფრო დიდ ბიუჯეტურ ხარვეზებს გამოიწვევს. „რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ციფრებსა და რეალობას შორის არსებული სხვაობა გამოიწვევს იმას, რომ რუსეთის ბიუჯეტი წელს ნავთობიდან მიღებული შემოსავლის სახით მინიმუმ 25 მილიარდ დოლარს დაკარგავს.
„მეორე მხრივ, უკრაინა აძლიერებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ღრმა დარტყმების კამპანიას.
2025 წელს 719 ასეთი დარტყმა განხორციელდა, რამაც 15 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი გამოიწვია. და კამპანია გაგრძელდება. ომი იქ ბრუნდება, სადაც დაიწყო - რუსეთში. და ეს სამართლიანია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.