თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის შეერთებული შტატებისგან პასუხს ელის, რადგან ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერების შესახებ დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა იყო.
„ჩვენ ველოდებით ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციას რუსეთის დარტყმებზე. ეს იყო ამერიკის წინადადება: დიპლომატიის ამ პერიოდში და ამ ცივ ზამთრის ამინდში ენერგეტიკული დარტყმების შეჩერება. ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირადი თხოვნა.
ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ მოთხოვნას რეკორდული ბალისტიკით უპასუხა. ოთხ დღეზე ნაკლები გავიდა იმ კვირიდან, როდესაც რუსეთს სთხოვეს. ეს ასევე მეტყველებს ყველაფერ დანარჩენზე, რასაც რუსეთი გვპირდება ან კიდევ შეუძლია დაგპირდეს. თუ მათი სიტყვა ახლა არ შესრულდება, მაშინ რას უნდა ველოდოთ შემდეგ?“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსები ამ ომამდეც იტყუებოდნენ: „მოსკოვში ისინი გამოუსწორებლები არიან. და მათ სურთ სიცივით ისარგებლონ, რადგან თავიანთი თავდასხმებით ჩვენ, უკრაინას, ვერ დაიპყრობენ. რუსეთის საომარ გეგმებს მშვიდობიანი პასუხი უნდა მოჰყვეს“.
3 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევა დაიწყო, სხვადასხვა ტიპის საჰაერო და სახმელეთო რაკეტებისა და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაშვებული 521 სამიზნედან 450 გაანეიტრალა.
დაფიქსირდა 27 რაკეტისა და 31 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 27 ლოკაციაზე.