უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის მუშაობა 3 თებერვალს რუსეთის მიერ ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმის გამო შეიცვლება.
„რუსეთის მხრიდან ყოველი ასეთი თავდასხმა ადასტურებს, რომ მოსკოვის დამოკიდებულება არ შეცვლილა: ისინი კვლავ ომსა და უკრაინის განადგურებაზე ფიქრობენ და დიპლომატიას სერიოზულად არ აღიქვამენ. შესაბამისად ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფის მუშაობა შეიცვლება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
სამშაბათს, რეგიონებში, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართული სატელეფონო კონფერენციის დროს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმა ენერგეტიკის სექტორზე, დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.
ზელენსკის განცხადებით, ფაქტობრივად, რუსეთის არმიამ ისარგებლა ამერიკული წინადადებით, რომ დარტყმები ხანმოკლე ვადით შეეჩერებინა არა დიპლომატიის მხარდასაჭერად, არამედ უბრალოდ რაკეტების დასაგროვებლად და წლის ყველაზე ცივი დღეებს დალოდებოდა, როდესაც უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილში ტემპერატურა -20 გრადუსზე დაბალია.
რამდენიმე რეგიონში ენერგეტიკულ ობიექტებზე აფეთქებები მოხდა, ყველაზე დიდი ზიანი კი ხარკოვს, დნიპროს, კიევსა და კიევის ოლქს, ვინიცისა და ოდესის ოლქს, ასევე ზაპოროჟიეს მიადგა.
„ყველა საჭირო რესურსი ადგილზეა და მე დავავალე ენერგეტიკის სამინისტროს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობას, უზრუნველყონ აღჭურვილობა რეზერვებიდან და სასწრაფოდ დაუკავშირდნენ პარტნიორებს დამატებითი დახმარების პაკეტებთან დაკავშირებით. ამაზე ახლა მარკ რუტესთან დეტალურად ვსაუბრობ“, - დასძინა ზელენსკიმ.
3 თებერვლის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე კომბინირებული შეტევა დაიწყო, სხვადასხვა ტიპის საჰაერო და სახმელეთო რაკეტებისა და თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაშვებული 521 სამიზნედან 450 გაანეიტრალა.
დაფიქსირდა 27 რაკეტისა და 31 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა 27 ლოკაციაზე.