აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ამერიკელი ტელეწამყვანისა და კომიკოსის, ტრევორ ნოას მიერ „გრემის“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა ეპშტეინის კუნძულზე დრო გაატარეს.
ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ არასდროს ყოფილა ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად.
„გრემის დაჯილდოება ყველაზე ცუდია, პრაქტიკულად არ არის ყურებადი. CBS-ს გაუმართლა, რომ ეს ნაგავი აღარ არის მათ ეთერში. წამყვანი ტრევორ ნოა, ვინც არ უნდა იყოს ის, თითქმის ისეთივე ცუდია, როგორც ჯიმი კიმელი დაბალი რეიტინგის მქონე ოსკარის დაჯილდოებაზე. ნოამ ჩემზე არასწორად თქვა, რომ დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა დრო ეპშტეინის კუნძულზე გაატარეს. არასწორია! ბილის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მე არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად და დღევანდელ ცრუ, ცილისმწამებლურ განცხადებამდე არასდროს ვყოფილვარ ბრალდებული იქ ყოფნაში, ყალბი ამბების მედიისთვისაც კი. ნოამ, რომელიც სრული ხელმოცარულია, სჯობს, ფაქტები გადაამოწმოს და სწრაფად. როგორც ჩანს, ჩემს ადვოკატებს გავგზავნი, რომ უჩივლონ ამ საწყალ, საცოდავ, უნიჭო, გამოშტერებულ წამყვანს და ბევრი ფულის გადახდა მოუწევს. ჰკითხეთ პატარა ჯორჯ სლოპადოპოლუსს და სხვებს, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ასევე ჰკითხეთ CBS-ს. მოემზადე, ნოა, მე შენთან ერთად გავერთობი!“, – წერს ტრამპი.
ცნობისათვის, ლოს-ანჯელესში გუშინ გამართულ "გრემის" დაჯილდოებაზე, რომლის წამყვანიც იყო ცნობილი ტელეწამყვანი და კომიკოსი, ტრევორ ნოა, ტრამპზე იხუმრა:„წლის სიმღერა - ვულოცავ ბილი აილიშს. ეს არის "გრემი", რომელიც ყველა არტისტს თითქმის ისევე სურს, როგორც ტრამპს სურს გრენლანდია; რაც ლოგიკურიცაა, რადგან ეპშტეინის კუნძული აღარ არსებობს და მას (ტრამპს) ახალი სჭირდება ბილ კლინტონთან ერთად დროის გასატარებლად“.