მნიშვნელოვანია, გავიგოთ თავად ევროკავშირისგან, მისი საელჩოსგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, აფინანსებდნენ თუ არა თაღლითურ სქემას ევროპული ფულით, ყალბ „ენჯეოებს“ იყენებდნენ თუ არა იმისთვის, რომ გვერდი აეარათ საქართველოს კანონმდებლობისთვის და შემოეტანათ პოლიტიკური ფული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, რადგან ეს არის ზუსტად ის, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს და ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას.
„რასაც ვხედავთ, არის ის, რაზეც საუბრობდა ევროკომისარი კოსი – ეძებენ გზებს, კანონის გვერდის ავლით როგორ მიაწოდონ თანხები მათ „ენჯეოებს“. ეს არის ზუსტად ის გზები, რასაც ეძებენ, ზოგი ნაპოვნი ჰქონდათ, ზოგ ახალ სქემებს კი, ალაგებენ. ხაზგასმით ვიტყვი, ეს არის საერთაშორისო თაღლითური სქემა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოში პოლიტიკის დაფინანსების და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობისა. ეს არის დღეს ფაქტი. ვხედავთ, როგორ არის ამაში ჩართული ევროპის სხვადასხვა სტრუქტურები და როგორ ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა. ერთ-ერთ ხუხულაში, სადაც ფაქტია, რომ იქ არანაირი ოფისი არ არის. ყალბი „ენჯეოები“ რეგისტრირდებიან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ესტონეთში არაკომერციულ საქმიანობასთან. ამ ყალბი „ენჯეოების“ დანიშნულება არის, რომ იყვნენ ფულის გამტარი საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებას მანდატი იმისთვის მისცა, რომ დაერეგულირებინა ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი.
„ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა მანდატი, რომ მოგვეწესრიგებინა, დაგვერეგულირებინა საქართველოში უცხოური ფულის შემოდინების საკითხი პოლიტიკაში. ქართველმა ხალხმა 2024 წლის არჩევნებში მხარი დაუჭირა გამჭვირვალობის კანონს და თქვა, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება. მნიშვნელობა არ აქვს წარმომავლობას, იქნება ეს რუსული ფული, გერმანული, ფრანგული, ესტონური, ჰოლანდიური, თუ ევროკავშირული. არცერთ უცხოურ ფულს საქართველოს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ეს არის ზუსტად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართლის წესრიგს, რაც ძირს უთხრის მათ შორის ევროკავშირის რეპუტაციას.
მარტივი წესი არსებობს გრანტების კანონით – თუ გინდა უცხო სახელმწიფოს ან ორგანიზაციას, საქართველოში ფული დახარჯო ისეთ საკითხებზე, რომელიც გავლენას ახდენს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ბრიუსელის ბიუროკრატები გვეუბნებიან, რომ მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხი და არ აპირებენ, ჰკითხონ ქართველ ხალხს, რაში დახარჯონ ფული. ეს ქვეყანა მიაჩნიათ დაქვემდებარებულ, მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელშიც უნდა შემოვიდნენ და მისიონერებივით აქ ძალად თავს უნდა მოგვახვიონ თავიანთი აზრები და ფული ისე უნდა ხარჯონ საქართველოში. ამის გამოძახილი იყო სწორად დაიცინირებული კანონპროექტები. ვხედავთ გვერდის ავლის სქემებს, თაღლითურ სქემებს, რაც თავისთავად უკვე გულისხმობს, რომ არის მავნე განზრახვები საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ რაღაც დასამალი აქვთ და ფარულად მოქმედებენ და ამისთვის კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი რეგულაციებით ყველამ კეთილი ინებოს და ქართველ ხალხს სთხოვოს ამ ფულის თანხმობაზე.
რაც შეეხება ამ სქემებს, ერთი სქემა იყო მხოლოდ, როცა უცხოეთში რეგისტრირდებიან ყალბი ორგანიზაციები როგორც ფულის გამტარი ორგანიზაციები. აქ კითხვები ისმის, ხომ არ ხდებოდა ფულის გათეთრება, გადასახადების დამალვა, შავი ფულის ტრიალი. ეს ყველაფერი, როცა ასეთ თაღლითურ სქემებს აწყობ და ამხელა ენერგიას დებ ამაში, რა თქმა უნდა, ეს კითხვები წარმოიშვება. მეორე სქემა გახლავთ თავად უცხოურ. ამ შემთხვევაში, არა ყალბი, არამედ ნამდვილი უცხოური ორგანიზაციების, ფონდების, დონორული ორგანიზაციების საქართველოში არსებული წარმომადგენლობების გამოყენება, რათა მათ პირდაპირ ხარჯონ პოლიტიკური ფული. კერძოდ, იმ გზით, რომ გრანტის ხელშეკრულებებს სხვა სათაურები დაარქვან. რატომღაც ქართველი ხალხი შტერი ჰგონიათ, რომ ამას ვერ ვხვდებით. წარმოუდგენელია, რომ ამას აკეთებენ ევროპული დონორი ორგანიზაციები და რომლებიც ღირებულებებზე საუბრობენ. ღირებულება საერთოდ ამ ადამიანებს ესმით, რას ნიშნავს? ჩანს, რომ არ ესმით, რა არის ევროპა, ღირებულება, სამართალი, კანონის უზენაესობა. მათ აქვთ პოლიტიკური მიზანი, რომლისთვისაც მზად არიან, წავიდნენ კანონის დარღვევაზე, ქართველი ხალხის უპატივცემულობაზე, ოღონდ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ და მიზანი არის, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მათი მარიონეტების დასმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.