აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც კუბასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს, კუბისთვის ნავთობის მიმწოდებელ ქვეყნებს ტარიფები დაუწესოს.
ბრძანების თანახმად, კუბა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის თანამშრომლობს მრავალ მტრულ ქვეყანასთან, ტრანსნაციონალურ ტერორისტულ ჯგუფებთან და მავნე აქტორებთან - რუსეთთან, ჩინეთთან, ირანთან, „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“.
ტრამპის თქმით, კუბა იღებს შეერთებული შტატების საშიშ მოწინააღმდეგეებს და საშუალებას აძლევს მათ მის ტერიტორიაზე განალაგონ სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს.
„კუბაში მდებარეობს რუსეთის უდიდესი უცხოური ელექტრონული დაზვერვის ობიექტი, რომელიც ცდილობს მოიპაროს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია. კუბა აგრძელებს ჩინეთთან ღრმა სადაზვერვო და თავდაცვის თანამშრომლობას“, - ნათქვამია განკარგულებაში.
გამომდინარე ქაედან, შეერთებული შტატები აწესებს მეორად გადასახადებს - ტარიფებს იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც კუბისთვის ნავთობს პირდაპირ ან ირიბად ყიდიან, ან მას ამარაგებენ.
ტარიფების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება აშშ-ის ვაჭრობის მდივნისა და სახელმწიფო მდივნის შესაბამისი დასკვნების შემდეგ.