ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
კაია კალასმა „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ.
„ველი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ზოგიერთი მინისტრი ამ საკითხს წამოჭრის. ჩვენ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდამჭერები ვართ და პრესის თავისუფლებაც ერთ-ერთი მათგანია. ველით, რომ ნაბიჯებს გადავდგამთ მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ახორციელებს“, - აღნიშნა კალასმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ინიცირებით ცვლილება შევა „გრანტების შესახებ“ კანონში. უფრო ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევა კი, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.