გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიcომ 22 იანვარს, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტის ფარგლებში, ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობით შოკირებული იყო.
ორმა დიპლომატმა გამოცემას განუცხადა, რომ ფიცო, ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ლიდერთაგან ერთ-ერთია, რომელიც ხშირად უჭერს მხარს ტრამპის პოზიციას ევროპის სისუსტეებთან დაკავშირებით, შეშფოთებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“.
მათი თქმით, ფიცომ სიტყვა „საშიში“ გამოიყენა იმის აღსაწერად, თუ როგორ გამოიყურებოდა აშშ-ის პრეზიდენტი 17 იანვარს ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს სასახლეში გამართული მათი კერძო შეხვედრის დროს.
დიპლომატების თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ევროკავშირის ზოგიერთ ლიდერსა და მაღალჩინოსანს შორის გამართული ცალკეული არაფორმალური შეხვედრის დროს გააკეთა და არა ოფიციალური მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ოთხი სხვადასხვა მთავრობის დიპლომატებმა და ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ, რა უთხრა ტრამპმა ფიცოს, რამაც მისი რეაქცია გამოიწვია.