რუმინეთის თავდაცვის შტაბის უფროსმა, გეორგეცა ვლადმა, განაცხადა, რომ აშშ „რუმინეთში განლაგებული ძალების ხარისხისა და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას“ დათანხმდა. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
გენერლის თქმით, რუმინეთში განლაგდება ამერიკელი ჯარისკაცების დანაყოფი Abrams-ის ტიპის ტანკებით.
დანაყოფი რუმინეთში აშშ-ის რეგულარული ყოფნის ნაწილია, როტაციის პრინციპით არის განლაგებული და არ წარმოადგენს ჯარების რაოდენობის ზრდას.
მანამდე, ოქტომბერში აშშ-მა განაცხადა, რომ თავის სამხედრო ყოფნას რუმინეთში შეამცირებდა.
არმიის მეთაურის განცხადების მთავარი ელემენტია Abrams-ის“ ტანკების, აშშ-ის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკების, განლაგება, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ტანკად ითვლება.
რუმინეთი ამჟამად 54 Abrams-ის ტიპის ტანკის შეძენის პროცესშია.
რუმინეთის არმიის მეთაურმა განაცხადა, რომ მან ეს საკითხი რუმინეთში ვიზიტის დროს ნატო-ს ევროპის მოკავშირეთა უმაღლეს მთავარსარდალთან (SACEUR) განიხილა. მისი თქმით, ნატო შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას, უზრუნველყოს ძალები ქვეყნის თავდაცვისთვის რეგიონული გეგმების შესაბამისად.
„შეერთებული შტატები დათანხმდა სამხედრო კონტინგენტების იგივე დონის შენარჩუნებას და, გარდა ამისა, რუმინეთში განლაგებული ძალების ხარისხისა და საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესებას.
უახლოეს მომავალში რუმინეთში განლაგდება ამერიკელი ჯარისკაცების დანაყოფი, რომელიც აღჭურვილი იქნება Abrams-ის ტანკებით“, - განაცხადა გენერალმა გეორგეცა ვლადმა.