ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა, გვერდით კი ადამიანი, რომელიც თავის დროზე ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან, - ამის შესახებ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგ შეუერთდნენ საპატიმროში „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნებიც.
„ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე.
შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ....[ჯუანშერ ბურჭულაძე] შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე, რომ ეგრძნო შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.