ფილიპინების სანაპიროსთან კუნძულებს შორის მოძრავი ბორანი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმეტესობა გადაარჩინეს, თუმცა 15 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას Associated Press ფილიპინების სანაპირო დაცვის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სანაპირო დაცვის ცნობით, ბორანი ზამბოანგას პორტიდან სულუს პროვინციაში მდებარე კუნძულ ჰოლოსკენ მიემართებოდა.
ბორტზე 332 მგზავრი და ეკიპაჟის 27 წევრი იმყოფებოდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორანი ტექნიკური პრობლემების გამო იძირებოდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ სანაპირო დაცვისა და საზღვაო ძალების გემები, ასევე თვითმფრინავი, ფილიპინების საჰაერო ძალების ვერტმფრენი და სათევზაო ნავები.
სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 316 მგზავრი გადაარჩინეს. ნავის ჩაძირვის ადგილზე სულ მცირე 15 ცხედარი იპოვეს.