გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, აშშ-ის მიერ შეთავაზებული შეთანხმების კომენტირებისას, განაცხადა, რომ მასში არქტიკული კუნძულის სუვერენიტეტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა,
გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მან არ იცის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოთხშაბათს, 23 იანვარს გამოცხადებული შეთანხმების დეტალები.
თუმცა, მისი თქმით, ამაზე სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელშიც დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლები შევლენ.
მან დასძინა, რომ გრენლანდიას, სამომავლო შეთანხმებებთან დაკავშირებით „წითელი ხაზები“ აქვა. ეს შეთანხმებები კუნძულის სუვერენიტეტსა და მინერალურ რესურსებს ეხება.
ამავდროულად, ნილსენის თქმით, გრენლანდია ეთანხმება კუნძულზე ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას.
„როგორც მე მესმის, გუშინდელი დისკუსიები საერთო მიზანზე იყო ორიენტირებული. რაზეც შევთანხმდით: ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არქტიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რამდენიმე დღის წინ გრენლანდიისა და დანიის წარმომადგენლებმა რუტესთან მოლაპარაკებები გამართეს. ჩვენ ჩვენი წითელი ხაზები გავაჟღერეთ. არაფერი მინერალებთან ან რესურსებთან დაკავშირებით“, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
ნილსენმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის რიტორიკა მიუღებელი იყო.
თუმცა, მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ გრენლანდიასა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ კვლავ დაამყარონ კარგი ურთიერთობები. მაგრამ, რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ყოველ საღამოს მუქარას ისმენ.
„წარმოიდგინეთ, როგორი იყო გრენლანდიელებისთვის ყოველდღე იმის მოსმენა, რომ ვიღაცას მათთვის თავისუფლების წართმევა სურდა“, - დასძინა ნილსენმა.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ გრენლანდიის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, ნატო-ს მოკავშირეებისგან არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას მოითხოვს.