შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიცირებულ "მშვიდობის საბჭოს" წევრობას 35-მდე ქვეყანა დათანხმდა. იტყობინება Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, ტრამპმა საბჭოს წევრობაზე მოწვევა დაახლოებით 60 ქვეყნის ლიდერს გაუგზავნა, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ქვეყნების 16 პოლიტიკოსსა და დელეგატთან ინტერვიუს შემდეგ, Reuters-ი იტყობინება, რომ ზოგიერთი ქვეყანა ყოყმანობს შეთავაზებასთან დაკავშირებით.
"რამდენიმე ოფიციალურმა პირმა პირად საუბარში განაცხადა, რომ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ წევრობა უფრო აუცილებლობას ჰგავს, ვიდრე არჩევანს", - წერს Reuters-ი. ამ საკითხზე საუბრისას, ზოგიერთმა დელეგატმა ახსენა "ვაშინგტონის მიერ გაზრდილი ტარიფები, ირანი, ვენესუელა, ღაზის სექტორი და გრენლანდია".
როგორც იუწყებიან, "მშვიდობის საბჭოს" წესდებას ხელი დავოსში 22 იანვარს მოეწერება. საბჭოს უვადოდ უხელმძღვანელებს დონალდ ტრამპი. აღმასრულებელი კომიტეტის შემადგენლობაში, სხვა ადამიანებთან ერთად, შევლენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი.
სააგენტოს ცნობით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი შეშფოთებულია, რომ წესდების პროექტიდან გამომდინარე, "მშვიდობის საბჭოს" ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება დონალდ ტრამპის ხელში იქნება კონცენტრირებული.
როგორც ჩანს, ტრამპი აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეობის შენარჩუნებას სამუდამოდ შეძლებს, რადგან მისი გადადომა ან გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ მისი მოთხოვნით ან აღმასრულებელი კომიტეტის წევრების ერთსულოვანი თანხმობით.
Reuters-ის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ერთმანეთთან კონსულტაციებს გამართავენ, საბოლოო გადაწყვეტილებას სახელმწიფოები ინდივიდუალურად, მათი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
როგორც ცნობილია, 21 იანვრისთვის არგენტინამ, აზერბაიჯანმა, სომხეთმა, ბელარუსმა, უნგრეთმა, ყაზახეთმა, მაროკომ, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ვიეტნამმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვეს თანხმობა მშვიდობის საბჭოს წევრობაზე.
იუწყებიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი აპირებს, უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განმარტა, რომ მშვიდობის საბჭოს წესდების გამო, საფრანგეთის წევრობა ამ ორგანოში შეუთავსებელი იქნებოდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში, გაეროს წინაშე არსებულ ვალდებულებებთან.
შვედეთმა და ნორვეგიამ ასევე უარი თქვეს მშვიდობის საბჭოს წევრობაზე. იტალიას და გერმანიას ჯერ კიდევ არ აქვთ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. მეტიც, გერმანიამ გააკრიტიკა საბჭო და მას "ზედმეტი უწოდა".
"დამატებითი საერთაშორისო ინსტიტუტების საჭიროება არ არსებობს. ჩვენ გვყავს გაერო და ის უნდა გაძლიერდეს ახალი ორგანოების შექმნის ნაცვლად", - განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლიგბეილმა 21 იანვარს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა საბჭოს წევრობაზე მოწვევა გაუზავნა რეგიონის ყველა ქვეყანას, საქართველოს გარდა.