დიდმა ბრიტანეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად დამატებით 20 მილიონი გირვანქა (26.7 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გახშირდა.
ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს ხდება მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი და უკრაინა აღნიშნავენ ორ ქვეყანას შორის ისტორიული 100-წლიანი პარტნიორობის პირველ წლისთავს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში ნატქვამია, რომ ძლიერი სიცივის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.
ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ახალი მხარდაჭერა დაეხმარება „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის კუთხით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ხანგრძლივი თავდასხმის შემდეგ“.
„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგიის შეკეთების, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიითა და გათბობით,“ - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ქვეყანა ასევე აფართოებს სკოლების დამეგობრების პროგრამას, რომლისგანაც სარგებელს მიიღებს 54 000 ბრიტანელო და უკრაინელი მოსწავლე, რაც ორივე ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და ზრდას შეუწყობს ხელს.
თანმიმდევრულად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ორივე ქვეყნიდან კიდევ 300 სკოლა მიიღებს მონაწილეობას პარტნიორობის 100-წლიანი ისტორიული პროგრამის ფარგლებში.
ცნობისათვის, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს საგზაო რუკას, რომელიც თავდაცვის სექტორში ორ ქვეყანას შორის 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად არის შედგენილი.