უკრაინაში ძალიან ცივი დილაა, ტემპერატურა -15°C-ზე დაბალია. სწორედ ამიტომ, რუსეთმა ღამით უკრაინას 300-ზე მეტი დრონის, 18 ბალისტიკური და 7 ფრთოსანი რაკეტის გამოყენებით შეუტია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა X-ზე წერს.
მისი თქმით, არ უნდა შეჩერდეს უკრაინის მხარდაჭერა და მოსკოვზე ზეწოლა, რათა აიძულონ იგი დაასრულოს თავისი გენოციდური ომი.
„რუსეთი განზრახ ცდილობს შექმნას ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის ფიზიკურ განადგურებას, რაც ზუსტად ჯდება გენოციდის კონვენციის II მუხლის (გ) ქვეპუნქტის განმარტებაში.
ხარკოვის რეგიონში ჩვეულებრივი სამოქალაქო საფოსტო ტერმინალის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაშავდა. მხოლოდ კიევის რეგიონში ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
არ უნდა არსებობდეს ილუზიები იმის შესახებ, თუ რის მიღწევას ცდილობს რუსეთი. შესაბამისად, არ უნდა შეჩერდეს უკრაინის მხარდაჭერა და მოსკოვზე ზეწოლა, რათა აიძულონ იგი დაასრულოს თავისი გენოციდური ომი“, - წერს სიბიჰა.
მინისტრი აღნშნავს, რომ ცინიკურად, რუსეთმა ეს თავდასხმა სწორედ მაშინ განახორციელა, როდესაც ნიუ იორკში გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მის მიერ განხორციელებულ ბარბაროსულ თავდასხმებს ეხებოდა.
„მოსკოვი სრულ უგულებელყოფას აჩვენებს არა მხოლოდ გაერო-ს ქარტიის, არამედ შეერთებული შტატების მიერ ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევის მიმართაც. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ნაბიჯები აგრესორისთვის ომის ფასის გასაზრდელად“, - წერს სიბიჰა.